4/02/2017

მაღალი კლასის სასტუმროები, კემპინგის არეალი - კურორტ „გოდერძი"-ს განვითარების კონცეფციაზე მუშაობა სრულდება


კურორტ გოდერძის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. ამის შესახებ შპს „გოდერძი რიზორტის" ხელმძღვანელმა ზურა ჭურკვეიძემ „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა. მისი ინფორმაციით, არსებული განაშენიანების გეგმის მიხედვით განხორციელდება მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. გარდა ამისა, დაგეგმილია 4 სეზონზე გათვლილი კურორტის მოწყობა.

პირველ რიგში, წელს დაიწყება შიდა მოწყობითი გზის მშენებლობა, გამოცხადდება მშენებელი კომპანიის გამოსავლენად ტენდერიც. ჭურკვეიძე იმედოვნებს, რომ პროექტი მიმდინარე წელსვე დასრულდება, რაც ინვესტიციების მოზიდვის საფუძველი გახდება.

კურორტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული გზის მშენებლობა ჯამში დაახლოებით 3.3 მილიონი ლარი დაჯდება და მისი ნაწილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ნაწილი შპს „გოდერძი რიზორტის" რეინვესტირება იქნება. პროექტის ფარგლებში კუროტის ტერიტორიაზე დაგეგმილია 1751 მეტრი ახალი გზის გაჭრა.

„ეს გზა კვეთს ოთხი კერძო მესაკუთრის მიწის ნაკვეთს. შედეგად, ახლა გამოსყიდვასთან დაკავშირებით მათთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, აპრილში დასრულდება ეს პროცესი და ამავე პერიოდში გამოცხადდება ტენდერი"-აცხადებს ჭურკვეიძე.

გარდა ამისა, 2018-2019 წლიდან კურორტზე ორი მაღალი კლასის სასტუმრო „ალიანს რეზორტი" და „ეიფორია სქაი თაუერი" გაიხსნება. ჭურკვეიძის ინფორმაციით, „ალიანს რეზორტს" ერთი სართული უკვე აშენებული აქვს, „ეიფორია სქაი თაუერი" წელს დაიწყებს მშენებლობას.

როგორც აჭარის მთავრობაში 2016 წლის ბოლოს აცხადებდნენ, კურორტზე 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა განთავსებული. საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 000 დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძზე'' ორი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობას უკვე ჩაეყარა საფუძველი. 100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი" 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს.

კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა.

რაც შეეხება, 150 ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერს" , პროექტში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება.

კუროტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობა გეგმავს კერძო მესაკუთრეებისგან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვას, რათა შემდეგ მოხდეს მისი ინვესტიორებისთვის შეთავაზება.

2017 წლისთვის დაგეგმილია სრულად მოახდეს შემდეგი ტურისტული მარშრუტის მარკირება - ხულო-დანისპარაული- გოდერძი- მწვანე ტბა - ბეშუმი. როგორც ჭურკვეიძე აცხადებს, პირველ ეტაპზე კემპინგის არეალი მოეწყობა. ასევე დაგეგმილია, სათავგადასავლო, საცხენოსნო და საველოსიპედო მარშრუტების მოწყობა.

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი" 2015 წლის დეკემბერში გაიხსნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий