7/28/2016

ბათუმში 4 მილიონი დოლარის ღირებულების კაზინოს გახსნა ჩაიშალა

  ბათუმში, სასტუმროში „მარინა კოლიზეუმი“ ოთხი მილიონი დოლარის ღირებულების კაზინოს გახსნა ჩაიშალა.

  როგორც „კომერსანტს“ სასტუმროს დირექტორმა ალექსანდრე ახვლედიანმა განუცხადა, მოლაპარაკებები რამდენიმე დაინტერესებულ მხარესთან მიმდინარეობდა, თუმცა, შეთანხმება ვერ შედგა.


  როგორც ალექსანდრე ახვლედიანი ამბობს, ერთ-ერთ უცხოელ ინვესტორთან შეთანხმება თითქმის გაფორმებული იყო, თუმცა, ამ კონკრეტულ პირს საკუთარ ქვეყანაში პრობლემები შეექმნა, ამიტომ ხელშეკრულება ვერ შედგა.

  სასტუმროს დირექტორი ამბობს, რომ სამორინესთვის გამოყოფილი ფართი ამ დრომდე გასაქირავებელია, სხვა მხრივ კი სასტუმრო სრული დატვირთვით მუშაობს.

  ალექსანდრე ახვლედიანის ცნობით, სასტუმროში არსებულმა მოთხოვნამ მათ მოლოდინს გადააჭარბა და დაინტერესება ბევრად მაღალია, ვიდრე მოელოდნენ. სასტუმროს წარმომადგენელი ამბობს, რომ გახსნიდან პირველივე წელს აჭარაში მდებარე საუკეთესო სასტუმროების სამეულში მოხვდნენ, რისი მთავარი მიზეზიც booking.com-ზე მათი მაღალი რეიტინგია.

  მისივე ინფორმაციით, მომხმარებლები ძირითადად უცხოელები არიან, თუმცა, 4-ვარსკვლავიან სასტუმროს ქართველებიც სტუმრობენ.
რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, სასტუმროს დირექტორი აცხადებს, რომ ვიზიტორები ძირითადად უკრაინიდან, რუსეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან არიან. მისი თქმით, სტუმრები ჰყავთ ევროპისა და არაბული ქვეყნებიდანაც.

  ოთხი მილიონი დოლარის ღირებულების სამორინის გახსნაზე ალექსანდრე ახვლედიანი „კომერსანტთან“ გასულ წელს საუბრობდა. მისი ინფორმაციით, კაზინო ახალ წლამდე უნდა გახსნილიყო.
  „მარინა კოლიზეუმი" ზღვისპირა ქალაქში გასული წლის აგვისტოში გაიხსნა. 10–სართულიანი სასტუმრო 101 ნომერს მოიცავს და თითოეულ მათგანს ზღვის ხედი აქვს. სასტუმროს 80 ადგილიანი ავტოსადგომი, ჩოგბურთის ღია და დახურული ორი მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი, 1200 კვადრატულ მეტრზე განთავსებული ორი ვერანდა, ღია და დახურული აუზები, ორი საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი დაბავშვებისთვის განკუთვნილი იზოლირებული გასართობი კუთხე გააჩნია.

  ადგილობრივ მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის 1 მარტს დაიწყო. მშენებლობაში "მარი ჯგუფმა" 14 მლნ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა.

Комментариев нет:

Отправить комментарий